gamgeobaabasha@yahoo.com     gamgeobaabasha@yahoo.com     gamgeobaabasha@yahoo.com     gamgeobaabaha@yahoo.com   gamgeobaabasha@yahoo.com

სიახლეთა არქივი
SuMoTuWeThFrSa
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728 
 
კულტურა და სპორტი: მუზეუმები

 

 
 მწერალ-აკადემიკოს კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმი
 
მისამართი: აბაშის მუნიციპალიტეტი, სოფ. ძველი აბაშა
დაფუძნების თარიღი:1987 წელი
იურიდიული სტატუსი– სახლ-მუზეუმი ააიპ-აბაშის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის დაქვემდებარებაშია
მუზეუმის ტიპი(პროფილი): მემორიალური
ექსპონატების რაოდენობა: 168
კოლექციების მოკლე აღწერა: სახლ-მუზეუმის საექსპოზიციო სახლში დაცულია მწერლის მემორიალური ნივთები, მისი ნაწარმოებების ხელნაწერთა ასლები, სხვადასხვა დროს გამოცემული წიგნები ქართულ, გერმანულ, უკრაინულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე, მწერლის ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი, გამოჩენილ ადამიანთა და საზოგადო მოღვაწეთა ფოტო სურათები, სახვითი ხელოვნების ნიმუშები: გობელენები, ფერწერული ტილოები
– სახლ-მუზეუმის ეზოში განთავსებულია ჯარგვალი, სასიმინდე და სხვა დამხმარე ნაგებობები.
– ყოველი წლის 15 მაისს,მწერლის დაბადების დღეს,   იმართებასახალხო  დღესასწაული-„კონსტანტინეობა“.
მუზეუმის მუშაობის განრიგი: ყოველდღე, ორშაბათის გარდა, 10 საათიდან 19 საათამდე
შესასვლელი ბილეთის ფასი: უფასო
დირექტორი: რევაზ მიქაძე:  
ტელ: 0(412) 291351 
მობ: 555 230083
 
 
კონსტანტინე გამსახურდია
(15.05.1893 - 17.07.1975)

  მოკლე ბიოგრაფიული ცნობები

   სიტყვის დიდოსტატი სოფელ ძველ აბაშაში დაიბადა1893 წლის 15 მაისს.
   მის პიროვნებად ჩამოყალიბებაზე დიდი კვალი დაუტოვებია რამდენიმე მოვლენას. ექვსი წლისას მამა უბელო ცხენზე შეაგდებდა და მათრახს გადაუჭერდა ხოლმე, ვაჟკაცობას აჩვევდა. პატარობისას ფეხშიშველმა დედამ გელათში წაიყვანა. გაოცებული შეჰყურებდა ბავშვი ტაძარს, დავითის ფრესკას. ასე გაიცნო თავისი ეპოპეის „დავითაღმაშენებლის“ მთავარი გმირი. ასევე პორტრეტიდან გაიცნო ილია ჭავჭავაძე. თუმცა ბევრს ეცადა, ცოცხალი ვერ ნახა. მისი მკვლელეობა რომ შეიტყო, ფიცი დადო, მთელი სიცოცხლე ებრძოლა ილიას მკვლელების წინააღმდეგ. კონსტანტინე გამსახურდიამ  ჯერ კიდევ გიმნაზიელობისას ჩამოაყალიბა პატრიოტული ორგანიზაცია „ცხრამუხა“...  1911 წელს დაამთავრა ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზია. სწავლობდა პეტერბურგის, კენიგსბერგის, ლაიფციგის, მიუნხენის, ბერლინის უნივერსიტეტებში. 1919 წელს დაამთავრა ბერლინის უნივერსიტეტი. მოიპოვა ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი. აქტიურად მონაწილეობდა ევროპაში ჩამოყალიბებული „საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტის“ მუშაობაში. 1918 წლიდან საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ბერლინის საელჩოს ატაშემ ჰამბურგში 3000-მდე ტყვედყოფილი ქართველი შეკრიბა და სამშობლოში წამოიყვანა მის მიერვე დაქირავებულ ხომალდ „ქრისტიანიათი“, თან ჩამოიტანა მედიკამენტები, პირველი რადიო დანადგარი.1923 წელს კონსტანტინე გამსახურდია ევროპიდან საქართველოში დაბრუნდა. მისი ეს ნაბიჯი მართლაც აბობოქრებულ მორევში გადაშვებას ჰგავდა, მაგრამ კონსტანტინე„ იმ გვარისა იყო, ვისაც უკან დახევა არა სჩვევია!“.  1924 წლის აჯანყებაში მონაწილეობის გამო  დააპატიმრეს.  მოგვიანებით„მოღალატის “ბრალდებით  6 თვე იჯდა „ბუტირსკის“ ციხის სიკვდილმისჯილთა საკანში, შიმშილობდა14 დღე. შემდეგ გადაასახლეს სოლოვკის კუნძულებზე, სადაც 3  წელი დაჰყო... 1931-ში მწერალთა კავშირიდანაც გარიცხეს... თანდათან მკითხველთან ერთად ხელისუფლებამაც აღიარა ცოცხალ კლასიკოსად.
   1944 წელს აირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრად. 1965 წელს ტეტრალოგიისათვის „დავითაღმაშენებელი“ მიენიჭა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია. ჩოხაში გამოწყობილი, მუდამ წელგამართული, ამაყი მზერითა და ღირსებით სავსე დააბიჯებდა ყოფილ გოლოვინის ქუჩაზე, რომელსაც რუსთაველის სახელი მისი ინიციატივით დაარქვეს. კონსტანტინე გამსახურიას თავისი დაბადების 80 წლისთავზე უთქვამს: არც დიდხანს სიცოცხლე ვარგებულაო. უკანასკნელ განსასვენებელადაც გამორჩეული ადგილი მონახა: საკუთარი სახლის, კოლხური კოშკის ეზოში დაკრძალეს.

შემოქმედება 

პირველი ლექსი 1909 წელს გამოაქვეყნა, კ. აბაშისპირელის ფსევდონიმით. ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზიის კურსდამთავრებულ, 1911-ში ევროპაში გაემგზავრა, იქ გაეცნო მოდერნისტული სკოლების ნაირსახეობას და მათი შემოქმედებითი პრინციპები გაიზიარა. გერმანიაში მყოფმა ორი ნოველა გამოაქვეყნა: „ფოტოგრაფი“ და „ნაპოლეონი“. შემდეგ დედის გარდაცვალებამ „დამსხვერული ჩონგური“დააწერინა. საავადმყოფოში მომაკვდავ ძმას ედგა თავზე და იმ საშინელ ღამეს დაწერა „ზარები გრიგალში“.  „ვწუხვარ, მწერლობა პროფესიად რომ გადამექცა. ერთადერთ კარიერაზე ვოცნებობდი მთელი სიჭაბუკე, ეს იყო სამხედრო. 1918-19 წლებში უნივერსიტეტი მინდოდა დამეგდო დაპ რუსიის გენშტაბის აკადემია დამესრულებინა“, – აღიარებს 1933 წელს დაწერილ ესეში. 1919 წელს ბერლინის უნივერსიტეტიდან ფილოსოფიის დოქტორის ხარისხით დაბრუნდა და აქტიურად ჩაება ლიტერატურულ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. დააარსა ჟურნალი „პრომეთე“,გაზეთი „საქართველოს სამრეკლო“, ჟურნალი „ილიონი“, ხელმძღვანელობდა მწერალთა აკადემიურ კავშირს. კონსტანტინე გამსახურდიამ ახალგაზრდობიდანვე მიიპყრო ყურადღება როგორც თავისებურმა, მოუსვენარი ხასიათის ადამიანმა. მისი საზოგადოებრივი აქტივობა გულგრილს არავის ტოვებდა, იცვამდა ჩოხას და ამკვიდრებდა ევროპულ ესთეტიკას, გერმანელ ფილოსოფოსებს ჩაჰკირკიტებდა და ხევსურეთში შემორჩენილ სიტყვებს აგროვებდა. 34 წლისამ დაწერა „დიონისოს ღიმილი“, ეს იყო რეალიზმისა და მოდერნიზმის გზაჯვარედინზე მდგარი მწერლის პირველი რომანი. მეორე რომანი, ტრილოგია „მთვარის მოტაცება“ 10-11 წლის შემდეგ გამოაქვეყნა. სამწერლო დიდება და სახალხო აღიარება ისტორიულმა რომანებმა მოუტანა. მწერლის ნიჭიდა ფანტაზია განსაკუთრებული სილაღით 1939 წელს დაწერილ „დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენში“ გამოვლინდა. თარგმნასაც მოჰკიდა ხელი – გოეთეს „ახალგაზრდა ვერთერის ვნებანი“, დანტეს „ღვთაებრივი კომედია“ (I ნაწილი–  „ჯოჯოხეთი“ კ. ჭიჭინაძეს თანერთად), რემარკის „დასავლეთის ფრონტი უცვლელია“ და სხვა. როგორც ყველა დიდ შემოქმედს, გამსახურდიასაც საკუთარი სამწერლო ენა დასტილი აქვს -ამაღლებული, ოდნავ არქაული, ლექსი ვით მწყობრი. თუ პროზის ზეპირად სწავლა შეიძლება, ერთ-ერთი ასეთი ნაწარმოები ალბათ „დიდოსტატის მარჯვენაა“.


 

 პოეტისა და საზოგადო  მოღვაწის სიმონ ჩიქოვანის სახლ-მუზეუმი

მისამართი: აბაშის მუნიციპალიტეტი, სოფ. ნაესაკოვო
დაფუძნების თარიღი: 2013  წელი
იურიდიული სტატუსი: სახლ-მუზეუმი ააიპ-აბაშის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის დაქვემდებარებაშია
მუზეუმის ტიპი (პროფილი): მემორიალური
მუზეუმის მუშაობის განრიგი: ყოველდღე, ორშაბათის გარდა, 10 საათიდან 19 საათამდე
შესასვლელი ბილეთის ფასი: უფასო
დირექტორი: რევაზ მიქაძე; 
ტელ: 0(412) 291351 
მობ: 555 230083
სიმონ ჩიქოვანი - სევდიან-სიხარულიძე
(1903-1966)
 
   გამოჩენილი პოეტი და საზოგადო მოღვაწე სიმონ ჩიქოვანი დაიბადა 1902 წლის 27 დეკემბერს აბაშის რაიონის სოფელ ნაესაკოვოში. პოეტმა სწავლა ჯერ თავის სოფელში დაიწყო. პოეტის მამა – ივანე ჩიქოვანი განათლებული კაცი იყო. მისი ოცნება ყოფილა, შვილი სამთო ინჟინერი გამოსულიყო, მაგრამ სულში ჩამარხულმა პოეტურმა მადლმა სულ სხვაგვარად წარმართა სიმონის ცხოვრება. დედა ჩიქოვანს დაბადების წელსვე გარდაეცვალა. დედისადმი მიძღვნილ ლექსებში ღრმა გულისტკივილით იგრძნობა ბავშვობაში განუცდელი მშობლიური ალერსის მონატრება. კიდევ უფრო ტრაგიკულად განიცადა პოეტმა დის ნაადრევი გარდაცვალება. ყოველივე ეს, ოჯახურ ხელმოკლეობასთან ერთად, ფრთებს კვეცდა და თრგუნავდა მომავალი პოეტის ბავშვურ სილაღეს. ამიტომაცაა, რომ ბავშვობის დროინდელ მოგონებებს მის შემოქმედებაში ხშირად ახლავს ხოლმე მართალი ადამიანური სევდა და თავისებური სამდურავი წუთისოფლისადმი: “სად დავიბადე, უნდო ბედმა რა გამატანა, სული მწყურვალი და მათარა ძლიერ პატარა”. ნაადრევად დაობლებული პოეტის აღზრდის საქმეში დიდი როლი შეასრულეს ბებიამ და ძიძამ. ბავშვობის წლები მან ძირითადად მეზობელ სოფელ ტყვირში გაატარა, ბებიასთან, რომელიც კარგად იცნობდა ქართულ მწერლობას და გატაცებით ესაუბრებოდა შვილიშვილს მის შესახებ. თავის პოეტურ გატაცებას სიმონ ჩიქოვანი უპირველეს ყოვლისა უახლოეს წინაპართა ლიტერატურულ ინტერესებს უკავშირებდა „ჩემი გვარეულობა, – წერდა ერთგან იგი, – ცნობილი იყო ოჯახური პოეტებით – ბევრი ჩემი წინაპართაგანი ლექსად აწარმოებდა მიწერ-მოწერას და მე ვფიქრობ რომ პოეზიისადმი მიდრეკილება ჩამესახა ბავშვობაში, საკუთარ ოჯახში“. 1914 წელს სიმონი ქუთაისის რეალურ სასწავლებელში შევიდა. ხელმოკლეობის გამო, ზაფხულობით სოფელში ამუშავებდა მიწას და ასწავლიდა მეზობლის ბავშვებს. ასე აგროვებდა ფულს სწავლის გასაგრძელებლად. 1917 წელს სიმონ ჩიქოვანს მამა გარდაეცვალა. მამის სიკვდილით გამოწვეულმა ტკივილმა სათანადო პოეტური ასახვა ჰპოვა მისადმი მიძღვნილ ლექსში.
   მძიმე მატერიალური პირობების მიუხედავად, რეალური სასწავლებლის დამთავრების შემდგომ, 1921 წელს პოეტი თბილისის უნივერსიტეტში შედის ფილოლოგიის ფაკულტეტზე. სწავლის პარალელურად იგი მუშაობდა წითელი არმიის ქართული ნაწილების პოლიტგანყოფილებაში, გაზეთის რედაქციასა და კლუბში. 1922 წელს, თანამოაზრეებთან ერთად, ს. ჩიქოვანმა ჩამოაყალიბა ფუტურისტული ლიტერატურული ჯგუფი და გამოსცა ქართული ფუტურიზმის პირველი საპროგრამო მანიფესტი – “საქართველო – ფენიქსი”. 1924-28 წლებში მისი აქტიური თანამონაწილეობითა და ხელმძღვანელობით გამოვიდა ქართული ავანგარდისტი მწერლების პერიოდული ორგანოები: “H2SO4″, “ლიტერატურა და სხვა”, “დროული”, და “მემარცხენეობა”. ჩიქოვანი მუშაობას იწყებს ახალდაარსებული ჟურნალის-”მნათობის” რედაქციაში.
   1928 წლიდან, ფუტურისტების ლიტერატურული ჯგუფის დაშლის დროიდან, ს. ჩიქოვანი ენერგიულად ებმება საქართველოს მწერალთა კავშირის საქმიანობაში და გარდაცვალებამდე მისი ხელმძღვანელი ორგანოების უცვლელი წევრი ხდება. 1932 წლიდან იგი ინიშნება გამომცემლობა “საბჭოთა მწერალის”მთავარ რედაქტორად. 1944-51წ.წ. იყო საქართველოს მწერალთა კავშირის გამგეობის თავმჯდომარე. 1954-60 წლებში რედაქტორობდა ჟურნალ “მნათობს”. ნაყოფიერი შემოქმედებითი და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის ს. ჩიქოვანი დაჯილდოებული იყო ორდენებითა და პრემიებით. მათგან, პირველ ყოვლისა, უნდა გამოიყოს სახელმწიფო პრემია, რომელიც 1947 წელს მიენიჭა პოემისათვის “სიმღერა დავით გურამიშვილზე” და ლექსებისათვის; “ვინა სთქვა”, “ქართლის საღამოები”, “გამარჯვების ზეიმი” და “გორი”. ს. ჩიქოვანი იყო ახალგაზრდა მწერალთა გზის გამკვალავი და აქტური თანამდგომი. მისი ხელშეწყობითა და უშუალო მზრუნველობით არაერთი ნიჭიერი შემოქმედი გამოვიდა დიდ ლიტერატურულ ასპარეზზე.
საგანგებოდ უნდა აღინიშნოს ს. ჩიქოვანისა და მისი მეუღლის მარიკა ელიავას ურთიერთობა. მარიკა ელიავა თავისებური, დაუვიწყარი სილამაზისა იყო. იგი აღსავსე იყო სინაზითა და ქალური, საამო მომხიბვლელობით, მაგრამ არც სიმამაცე-სიმტკიცეს იყო მოკლებული, რაც მას და მის საყვარელ სიმონს ძალას მატებდა მძიმე განსაცდელის ჟამს. ინტელიგენტურობა, განსწავლულობა ქართულ, რუსულ და ფრანგულ ლიტერატურაში, ბუნებრივი გემოვნება და ტაქტი, უმწიკვლო სამართლიანობა და პოეტურობა – მისი ბუნების ამ თვისებებმა აქციეს მარიკა არა მარტო პირველ მსმენელად, არამედ მრჩევლად და მისი შემოქმედებითი მიღწევების თანამონაწილედ. ისინი მართლაც რომ ბედნიერები იყვნენ.
   ავბედით 1937 წელს დააპატიმრეს მარიკას მამა ნიკო ელიავა, ძმა ზურაბი და რძალი თინა. მათი ვაჟიშვილი ნიკა აღსაზრდელად მარიკამ და სიმონმა აიყვანეს. მათ ოფიციალურად გააფორმეს შვილად აყვანა, რათა ხუთი წლის ბავშვისათვის ჩამოეცილებინათ “ხალხის მტრის” შვილის დამღა.
   1962 წლის აგვისტოში მარიკას აღმოაჩნდა ავთვისებიანი სიმსივნე. მან გაიკეთა ოპერაცია და გაიარა მკურნალობის სათანადო კურსი, მაგრამ მეტასტაზი უკვე ხერხემალში იყო გასული.
მარიკას კრიზისული მდგომარეობის დროს, დიაბეტით დაავადებული სიმონის მხედველობა კატასტროფულად გაუარესდა – პრაქტიკულად იგი დაბრმავდა. მაგრამ, ამისდა მიუხედავად, მისი შემოქმედებითი შთაგონება კი არ დაიშრიტა, არამედ, პირიქით, პოეტური სიმწიფის ახალ სტადიაში შევიდა. ამისი დადასტურებაა ის შესანიშნავი ნაწარმოებები, რომელიც ამ პერიოდში შექმნა პოეტმა. მარიკა უსიტყვოდ ითმენდა აუტანელ ტკივილებს, არც კი კვნესოდა. რათა სიმონს თავისი მეტად გამახვილებული სმენითა და ინტუიციით არ გაეგო და არ ეგრძნო მისი ტანჯვა-წამება. ექიმებმა შეძლეს მარიკას ჯანმრთელობის დროებითი გაუმჯობესება და 1964 წლის მარტში იგი ფეხზე წამოდგა. მარიკა ყოველთვის შესისხორცებული იყო სიმონის შემოქმედებით ცხოვრებასთან, ხოლო პოეტის ავადმყოფობისას სულ უფრო განუყრელი გახდა.
   სიმონ ჩიქოვანი გარდაიცვალა 1966 წელის 22 აპრილს. იგი დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში.

ასევე იხილე კატეგორიაში - კულტურა და სპორტი: